გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, რომლებიც წყალს ტუმბავენ წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და ეზოებიდან.
უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა და ნიაღვარმა გორის მუნიციპალიტეტის სამი და ქარელის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა. სახლების პირველი სართულების და ეზოების გარდა დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ფართობები.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში პრობლემა შექმნა სარწყავ არხში მოვარდნილმა წყალმაც, რომელიც არხიდან გადავიდა და 50-ზე მეტი ოჯახი დატბორა.
გორის მერიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 ჯგუფი ყელქცეულში, ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.