დაღესტანში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს

დაღესტანელი ჟურნალისტი აბდულმუმინ გაჯიევი

მახაჩყალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს, რომელსაც წაყენებული აქვს ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დაღესტნის გაზეთი „ჩერნოვნიკი“.

გაჯიევი, რომელიც „ჩერნოვნიკის“ რელიგიის საკითხთა განყოფილების რედაქტორია, ბრალდებას უარყოფს. ის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი 2013 წლიდან აფინანსებდა რუსეთში აკრძალულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“.

ამასობაში, „ჩერნოვნიკის“ რედაქტორის გათავისუფლება მოითხოვა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სულ უფრო ხშირად დევნიან ჟურნალისტებს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.

მახაჩყალის სასამართლოსთან, სადაც დაკავებულ ჟურნალისტზე მსჯელობდნენ, შეიკრიბა ასამდე ადამიანი და ჩატარდა ერთკაციანი პიკეტები ბრალდებულის მხარდასაჭერად, იუწყება ინტერნეტპორტალ „კავკაზ.რეალიი“-ს კორესპონდენტი.