მომიტინგეთა ნაწილი არ დაეთანხმა აქციის დროებით შეწყვეტას

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ დროა, აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდეს და აქცია გაგრძელდეს შაბათს, 19:00 საათზე.

„თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ გამოცხადებულ გეგმას მიკროფონის გამორთვასთან და აქციის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი.

„მიკროფონი, მიკროფონი“ - ყვიროდნენ ისინი.

აქცია ჯერ "მეგაფონის" დახმარებით გაგრძელდა, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირზე დარჩენილებმა მიკროფონის ჩართვის ორგანიზებაც მოახერხეს.

ამ ეტაპზე აქცია ისევ გრძელდება და ისმის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტის მიმართულებით მსვლელობასთან დაკავშირებით.