სულხან სალაძე: ნულპროცენტიანი ბარიერი არ არსებობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, პარლამენტში 150 ადგილია და ამ ადგილებზე უნდა გადანაწილდნენ დეპუტატები, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად რაღაც მინიმალური ბარიერი მაინც უნდა იყოს. ყველა ვინც ხმას მიიღებს, ის პარლამენტში ვერ მოხვდება.

„სავარაუდოდ ბარიერი 1 %-ის ფარგლებში იქნება, რაც პარტიამ უნდა გადალახოს, იმისთვის, რომ მისი დეპუტატი მოხვდეს პარლამენტში“, - ამბობს სულხან სალაძე.

მისი სიტყვებით, პროპორციული სისტემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას. იმისთვის, რომ გაირკვეს დაახლოებით რამდენპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევს პარტიას საჭიროა, ამომრჩევლის რაოდენობა გაიყოს 150 ანუ პარლამენტში ადგილების რაოდენობაზე და ეს იქნება ერთი მანდატის ფასი:

„რამდენ ხმასაც აძლევს ამომრჩეველი პარტიას, იმდენ მანდატს იღებს ის პარლამენტში“.

სულხან სალაძის ვარაუდით, ასეთი სისტემით ჩატარებული არჩევნები მმართველ გუნდს კოალიციის შექმნას აიძულებს პარლამენტში, რათა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მოგროვება შეძლოს, ასევე მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს უჩნდებათ შანსი, მოხვდნენ პარლამენტში, საინტერესო იქნება ასევე როგორ შემადგენლობის იქნება პარლამენტი და როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, - აცხადება სულხან სალაძე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.