მამუკა ბახტაძე: გამოძიება ისეთი სტანდარტის იქნება, რომ მცირე კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება

„გამოძიების პროცესი ისეთი სტანდარტის იქნება, რომ მცირე კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, გამოძიების ეტაპზე იმ ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც გამოძიება უნდა აწარმოონ, უნდა დატოვონ თუ არა თანამდებობა, ბახტაძე პასუხობს, რომ სწორედ ეს ორგანოები არიან დაინტერესებული, რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ.

„ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეცვათ საქართველოს პარლამენტი შტურმისგან, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მათ ჰქონდათ ამისი ვალდებულება. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ობიექტურად და მივიღებთ რეალურ სურათს. განწყობა ხომ ეს არის? მე გეუბნებით, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. სახალხო დამცველის აპარატი იქნება ჩართული და ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პროცესი იქნება ისეთი სტანდარტის, ისეთი ტრანსფარანტულობის, რომ მცირე კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი ვალდებულება, ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. რისკს ვერ ვხედავ, პირველ რიგში, თვითონ ეს ორგანოები არიან დაინტერესებული, რომ გამოიძინონ ობიექტურად და საზოგადოებას რეალური სურათი მიაწოდონ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, იქ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ჩართული, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ მსგავსი არავინ გაიფიქროს, არამც თუ გააკეთოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტების დაშლისას 240 ადამიანზე მეტი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დემონსტრანტების დაშლისას გამოყენებული იქნა ცრემლმდები გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.