თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან ზედიზედ მეათე დღეა იმართება ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არიან აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა რაიონიდან ჩასული მოქალაქეები, მოითხოვენ, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.
მოთხოვნის მიზეზია პოლიციის მიერ, დემონსტრანტების აზრით, არასათანადო ძალის გამოყენება 20-21 ივნისის ღამეს, რის შედეგადაც დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათგან ზოგი მძიმედ.
მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს რეგიონების ოკუპაციის მხარდამჭერი სერგეი გავრილოვი.
21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 24 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაჰყვა დემონსტრანტების მოთხოვნას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება გიორგი გახარიას გადადგომამდე.