უკრაინაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

გელა დუმბაძე

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. იგი ელჩის პოზიციიდან საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გადაინაცვლებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, სამსახურში ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება როტაციის პრინციპით ხორციელდება და ასე მოხდა გელა დუმბაძის შემთხვევაშიც:

სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში - საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე და მას ჩაბარდება ის სფერო, რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამის შესახებ ცნობილია თავად ბატონ გელასთვის და ეს გადაწყვეტილება მიღებულია მასთან კონსულტაციის შედეგად“, - განმარტეს მედიასაშუალებებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს „РБК-Украина“-ს თანახმად, უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე განიხილება უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძისა და აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურები.

გელა დუმბაძე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2017 წლის 15 ივნისიდან მუშაობდა.