ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაიცვას აქციებზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ 8 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორი აქციის გაშუქებისას, დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ და ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. რეპორტიორების დაცვის ნაცვლად სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას:

„ანტისაოკუპაციო აქციის საპირისპიროდ გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა აქტივობების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბოლო პერიოდში გახშირდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ადგილზე მომუშავე რეპორტიორების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ამგვარი ფაქტები აღკვეთილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 154) დასჯადია, თუმცა, საქმეები რომელთა გამოძიებასაც ამ მუხლით ვითხოვდით, დასრულებული არ არის და საზოგადოებისთვის უცნობია საერთოდ ვინმე ისჯება თუ არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო. კვლავაც არ გვაქვს ინფორმაცია 21 ივნისის ღამის გამოძიების საქმეზე, როდესაც 38 ჟურნალისტი დაზიანდა ფიზიკურად სამართალდამცავების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით“.

8 ივლისს, აქციის გაშუქებისას, რადიო თავისუფლების ჟურნალისტისთვის ვიდეო-კამერის წართმევას შეეცადნენ პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

მათ 8 ივლისს, დილიდან დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც ბოლო 18 დღის განმავლობაში იმართებოდა ანტისაოკუპაციო აქციები "სირცხვილია".