დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

მიხეილ კალანდია

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს, 11 ივლისს, გაიმართება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. მას დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად.

ერთი დღით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.