რუსეთში დააპატიმრეს ენერგეტიკული ფირმის დირექტორი

რუსეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ნავთომგადამამუშავებელი საწარმო აცხადებს, რომ მოსკოვში დააპატიმრეს მისი უკვე ყოფილი დირექტორი, დმიტრი მაზუროვი.

14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი "ახალი ნაკადი" ამბობს, რომ მაზუროვი 13 ივლისს, შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრა საგამოძიებო კომიტეტმა, მას შემდეგ, რაც ის რუსეთში დაბრუნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაზუროვი სისხლის სამართლის საქმეშია ეჭვმიტანილი, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

"ახალი ნაკადი" წარსულში ფლობდა ვალებით მოცულ საწარმო "ანტიპინსკის". გასულ თვეში ამ საწარმოში წილების 80 პროცენტი მოიპოვა "სოკარ ენერგორესურსმა" - რუსეთის სბერბანკის და ინვესტორების ჯგუფის ერთობლივმა ფირმამ.