"რუსთავი 2"-ის წილის მფლობელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

"ჩემი მარწმუნებელი 2014 წლიდან ფლობს წილს კომპანია "რუსთავი 2"-ში. 2014 წლიდან ჩემს მარწმუნებელს არ მიუღია კომპანიიდან არც დივიდენდი, არც რაიმე სახის შემოსავალი. მეტსაც გეტყვით, არანაირი ყურადღება მის მიმართ გამოჩენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩემი მარწმუნებელი ითხოვდა თავისი წილის გასხვისებას და ამაზე ნებართვა არ მიეცა. პარტნიორების უფლება ბოროტად იმგვარად იქნა გამოყენებული, რომ მან პრაქტიკულად იზარალა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მივმართავთ პროკურატურას" - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა

მისი ინფორმაციით, 2014 წლიდან უშედეგოდ ითხოვდნენ სხვადასხვა დოკუმენტის გადაცემას და მიიღეს მხოლოდ ნაწილი, სადაც აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები.

„საუბარია 220-ე მუხლზე - კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპირატესობა და გამორჩენა მოჰყვა. ეს გახლავთ 182-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას. ეს გახლავთ 205-ე პრიმ მუხლი, რომელიც გულისხმობს სპეციალური უფლებამოსილების იმგვარად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა გარკვეული ქონების გადამალვა“ - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატმა მაგალითად მოიყვანა „რუსთავი 2“-ის ურთიერთობა კომპანია „ინტერმედიასთან.“ ყავლაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და პირიქით, საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლის ინტეგრირება რეკლამიდან, ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა „ინტერმედიას“ კონტრაქტი გაუფორმა ფიქსირებულ შემოსავალზე, რაც „რუსთავი 2“-ისთვის საზიანო ქმედებაა.

„ეს იმ პერიოდში გააკეთა, როცა „ინტერმედიასგან“ მეტი შემოსავლები შემოდიოდა და ასეთ პერიოდში კონტრაქტი გაფორმდა კიდევ უფრო დაბალ თანხაზე. პირობითად რომ ვთქვათ, თუკი 2004 წელში შემოსავალი იყო 45-46 მილიონის ფარგლებში, 2015 წელში გაფორმდა ხელშეკრულება 32 მილიონზე, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. თანაც, სინამდვილეში ამავე პერიოდში კომპანიის საოპერაციო ხარჯები იქნა გაზრდილი. გაუგებარია, რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება, რატომ იქნა ფიქსირებულ შემოსავალზე გაფორმებული მაშინ, როცა მანამდე ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა კომპანიაში შემოსავლების მიღება და გამჭვირვალე იყო. ანუ, ჩანდა სარეკლამო შემოსავლიდან რას იღებდა „ინტერმედია“ და საკომისიო რა რჩებოდა. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ამის შესაძლებლობა მოისპო, ვინაიდან „ინტერმედიას“ შემოსავლები პრაქტიკულად, დამალულია ამ ხელშეკრულებით“ - განაცხადა ყავლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მათთვის გადაცემული ფინანსური დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე ნათელი გახდა, რომ ძირითადი შემოსავლების აკუმულირება ხდება სხვა კომპანიებში.

ადვოკატის ცნობითვე, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ მშვილდაძეა. „ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიხეილ მშვილდაძე გახლავთ დამფუძნებელი „პროესკო პროდაქშენის,“ ეს „პროესკო პროდაქშენი კი კომპანიის იურისტთან, დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად აფუძნებს ტელეარხ „მესამეს“ და ჩვენგან არსებობს საფუძველი ვარაუდის, რომ გარკვეული თანხების ე.წ. გადაქაჩვა ხდება ამ, სხვა სატელევიზიო კომპანიაში" - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, რა მოხდება, თუ სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს უნდა დაუბრუნდეს, ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა უპასუხა, რომ ელოდებიან 18 ივლისს, როცა სტრასბურგში გადაწყვეტილება უნდა გამოცხადეს.

"სამწუხაროდ, მოლოდინი იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არსებითად შეცვლის ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ნიჟარაძეს ყველანაირი საშუალება მოესპობა იმისათვის, რომ სამოქალაქო წესით გააგრძელოს დავა კომპანიის პარტნიორებთან და ითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელზეც მას აქვს საუბარი. მით უმეტეს წილის რეალიზაცია, რომლის გაყიდვაც უნდოდა და არ მიეცა საშუალება. ამიტომ, პრაქტიკულად, საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა რჩება ერთადერთი ლეგიტიმური გზა იმისათვის, რომ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს" - განაცხადა ყავლაშვილმა.

ნინო ნიჟარაძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის 9%-იან წილს 2014 წლიდან ფლობს, სხვა მოწილეებისა და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან სამართლებრივი დავა 2019 წლის მაისიდან წამოიწყო და მოითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 28 მილიონ ლარს.

ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის და მოწილის, 2014 წელს გარდაცვლილი გოგი გეგეშიძის ქვრივია.