გრიგოლ ვაშაძე გამოკითხვაზე 18 ივლისს დაიბარეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოკითხვის თემა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენები იქნება.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა და თქვა, რომ 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივლისს სასამართლოზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა გამოიკითხა.