უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა

ოლეჰ სენცოვი (მარცხნივ) და კირილ ვიშინსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა - უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც რუსეთში იმყოფება პატიმრობაში, გაიცვალოს რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიზე, რომელიც უკრაინაშია დაკავებული. ეს წინადადება მოჰყვა ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 11 ივლისის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც პატიმრების გაცვლას შეეხნენ.

ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა კიევის წინადადება ფეისბუკით გამოაცხადა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კიევს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას ორ მეზობელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე და გაათავისუფლოს ვიშინსკი.

კირილ ვიშინსკი, უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ოფისის ხელმძღვანელი, 2018 წლის მაისში დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.