ზელენსკი: დეპუტატებს იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ

უკრაინაში 21 ივლისს ახალ პარლამენტს უყრიან კენჭს. 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს კანონმდებლების იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის მიმართ.

საპარლამენტო არჩევნებზე უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტიურობა 36 პროცენტს უდრიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია 199-დან 190 უბნის მონაცემებს ეყრდნობა. ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო ჩერნიგოვის, ხმელნიცკის და პოლტავის ოლქებში.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე.

დეპუტატთა ნახევარს ირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, მეორე ნახევარს - პარტიული სიების მიხედვით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა სამი ათასი დეპუტატი, რომლებიც მაჟორიტარული წესით იყრიან კენჭს და პარტიული სიებით კი 2700 კანდიდატი. არჩევნებში ჩაბმულია 22 პარტია.

საზღვარგარეთის 72 ქვეყანაში გაიხსნა უკრაინის საარჩევნო უბნები, სულ მათი რიცხვი 102-ია.

ვადამდელი არჩევნების ინიციატორი იყო უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. მისი პარტია, „ხალხის მსახური“ არჩევნების ფავორიტია, თუმცა მას შეიძლება მოუწიოს კოალიციაში გაერთიანება რომელიმე სხვა პარტიასთან.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

უკრაინის პარლამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებშიარჩევნები არ ტარდება.