„საქართველოში არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიაროვმა. ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, საქართველოს ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე წავიდნენ.
დუმის დეპუტატმა სამართლიანი უწოდა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებას, რადგან მისი აზრით, საქართველოში არ არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დეგტიაროვმა თქვა, რომ რუსებს საქართველოს მიმართულებას წარმატებით შეუცვლიან ჩრდილოეთ კავკასიის იაფი კურორტები.
„რა შეიძლება შევთავაზოთ სანაცვლოდ რუს ტურისტებს? ჩრდილოეთ კავკასიის შესანიშავი, თანამედროვე და იაფი კურორტები. არის რეგულარული ავიამიმოსვლა მახაჩყალასთან, გროზნოსთან, ვლადიკავკაზთან, ნალჩიკთან და მინვოდთან. ყველა რესპუბლიკა გელოდებათ. იქ ყველაფერი მუშაობს, ყველა რუსულ ენაზე ლაპარაკობს, მიმოქცევაში რუსული რუბლია და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. საქართველოში კი არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა დეგტიაროვმა.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეაჩერა. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციების დაწყება.
საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.
საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.