„თბილისის მერიას პარლამენტის წინ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აქვს დაგეგმილი“, - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.
ასე გამოეხმაურა ვიცე-მერი, 25 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას. კარვის გაშლაზე უარის თქმის მოტივად სამართალდამცავებმა მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა უარი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე:
„ამ ეტაპზე, არანაირი სარეაბილიტაციო ღონისძიება პარლამენტის წინ არ ხორციელდება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე არ აქვს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ არ შეგვიზღუდავს და ვერც ვერასდროს შევზღუდავთ ვერავის შეკრების უფლებას. ამის შეზღუდვის უფლება არავის აქვს თუკი ეს შეკრება ხორციელდება კანონის ფარგლებში. მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი აქვს კანონის საფუძველზე და მისი შეზღუდვა არ შეუძლია არცერთ სახელმწიფო უწყებას“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
კარავი, რომელშიც, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, პირველად 2018 წლის შემოდგომის მიწურულს გაიშალა.
ერთი თვის წინ, 20 ივნისის ღამეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისას, დემონსტრანტების დაშლასთან ერთად მოირღვა.
25 ივლისს მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელახლა აპირებდა პარლამენტის წინ კარვის გაშლას.