შეხვედრა ისევ გადაიდო - დვალი, აქიმიძე და ხალვაში ხვალ შეხვდებიან

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ქიბარ ხალვაშთან 29 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო. ინფორმაციას დავით დვალი ადასტურებს.

დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორს, პაატა სალიას გასულ კვირაში, 26 ივლისს შეხვდნენ - მაშინ დვალმა განაცხადა, რომ ეს იყო შეხვედრა ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

ხოლო შეკითხვაზე, ძალაშია თუ არა ქიბარ ხალვაშის 2015 წლის პირობა, რომ „რუსთავი 2“-ის წილის 50%-ს და ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს გადასცემდა, მის ხელში კომპანიის გადასვლის შემთხვევაში, დავით დვალმა მაშინ უპასუხა, რომ ამაზე „პაატას ეს ინფორმაცია არ გააჩნია, შესაბამისად, იმ შეხვედრაზე გაირკვევა რა არის ძალაში და რა არა“.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ კი სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს შეხვედრა კამერების წინ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდეს.

შეხვდებიან, განიხილავენ საკითხებს, რაზეც საუბარს აპირებენ. ერთმანეთს მოუსმენენ - განაცხადა პაატა სალიამ.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2."

რამდენიმე წლის წინ ხალვაში აცხადებდა, რომ სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, დვალს და აქიმიძეს გადასცემდა "რუსთავი 2"-ის 50%-იან წილს და დავით დვალს ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნავდა.

მფლობელობაში "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა გენერალურ დირექტორად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

24 ივლისს კი ხალვაშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არაფერი დავიწყებია.