რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მოსკოვში 27 ივლისის მიტინგის შემდგომი „მასობრივი არეულობის“ გამო. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველოს საიტზე.
სამართალდამცველებმა მიტინგი დაარბიეს და დააკავეს 1300-ზე მეტი ადამიანი.
სავარაუდო ბრალდებებს შორის არის მასობრივი არეულობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას.
27 ივლისს რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა ხელისუფლების ნებართვის გარეშე გამართულ მიტინგში, რომელზეც გააპროტესტეს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე მიღებული უარი.
საქალაქო სათათბიროს 45 წევრს შორის ყოფნა გავლენიან პოსტზე ყოფნას ნიშნავს, რადგან გეძლევა შანსი, გააკონტროლო, მაგალითად, დედაქალაქის 43 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.