35 მედიკამენტი 1 ლარად - მთავრობამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა

„უკვე ერთი თვეა 35 დასახლეების პრეპარატი სოციალურად დაუცველ პირებსა და შშმ პირებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიეწოდებათ“, - განაცხადა 6 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის საკრებულოში, სადაც გაიმართა მთავრობის პროგრამის: „35 მედიკამენტი 1 ლარად“ პრეზენტაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში, სამუშაო ადგილებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც ხალხს აქვს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. პენსიონრების, სოციალურ დაუცველთა და შშმ პირთათვის წამლებზე ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება, ბახტაძის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარების ერთი ნაწილია.

ერთ ლარად ეს 35 დასახელების მედიკამენტი 6 ძირითადი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი:

  • გულსისხლძარღვთა
  • ფარისებრი ჯირკვლის
  • ფილტვის
  • დიაბეტის
  • ეპილეფსიის
  • პარკინსონის

მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლია იხილოთ აქ:

„ჩვენ უკვე ორი წელია რაც ავამოქმედეთ ქრონიკული დაავადებების ეს პროგრამა და დაახლოებით 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი, აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების სია, რომელთა შეძენასაც მოსახლეობა 1 ლარად შეძლებს, გაფართოვდება.

სიაში უკვე არსებული წამლების შეძენა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში იქნება შესაძლებელი.