კვლევა: შშმ ბავშვების დედების საჭიროებები სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია

7 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფმა "ქალთა ხმები" წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელშიც ასახულია საქართველოს შვიდ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების საჭიროებები.

კვლევიდან ირკვევა, რომ დედები არ არიან ჩართული სახელმწიფო სერვისებსა თუ პროგრამებში, რომლებიც მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. კვლევის მიხედვით, ისინი განიცდიან საზოგადოების წნეხს. მათ დამატებით სირთულეებს უქმნის სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალის ცნობიერების დაბალი დონე.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი გიგა კარაპეტიანი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების დედები ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან ხშირად მათ შვილის დამტოვებელი არავინ ჰყავთ. ეს ფაქტორი კი ხშირად ოჯახისა და შშმ ბავშვების სიღარიბეს განაპირობებს, ხოლო 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარება ოჯახს არ ჰყოფნის.

"მშობლებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არის ფასიანი და უფასო სერვისები ამ მიმართულებით მხოლოდ შშმ ბავშვებისთვის არსებობს. ამ მიდგომით შშმ პირი და მასზე მზრუნველი ერთმანეთისგან გამიჯნულად ითვლება და სახელმწიფოს პოლიტიკა მათ მიმართ არის ბუნდოვანი", - განმარტავს გიგა კარაპეტიანი.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს შშმ პირების დედებთან. ისინი თავად უზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს შშმ ბავშვების მოვლასა და სერვისებზე.

კვლევა "ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასში 65 ქალის ინტერვიუა გამოყენებული, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან.