სპეცრაზმელებმა დატოვეს სოფელი, სადაც ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს

ექს-პრეზიდენტ ატამბაევის მომხრეები სოფელ კოი-ტაშში. 2019 წლის 7 აგვისტო

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა დატოვეს სოფელი კოი-ტაში, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენცია მდებარეობს.

ატამბაევის მომხრეებმა პირობა დადეს, რომ გაათავისუფლებენ გვიან ღამით დატყვევებულ 6 სპეცრაზმელს. ამასთან, მოითხოვენ, რომ სოფელს აღუდგეს ენერგომომარაგება და ინტერნეტი.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კოი-ტაშიდან სპეცრაზმების გაყვანა კონფრონტაციის შესამცირებლად გადაწყდა და იმედია, რომ ატამბაევის მომხრეები პირობას შეასრულებენ.

კოი-ტაშში სამართალდამცავებსა და ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების მცდელობას. შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. დაჭრილია 45 ადამიანი.

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და უკანონოდ გამდიდრება. ივლისის ბოლოს, ატამბაევმა უარი თქვა სასამართლოში დასაკითხად გამოცხადებაზე. ყირგიზეთის კანონმდებლობით, თუ პირი სასამართლო უწყებას არ ემორჩილება, დაკითხვაზე იძულებით უნდა მიიყვანონ.

გვიან ღამით, ატამბაევმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც დაკავების მცდელობას უკანონო და არაკონსტიტუციური უწოდა. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას რამდენჯერმე შესთავაზა გამოძიების შეკითხვებზე წერილობითი პასუხები, რასაც არ დათანხმდნენ.

ატამბაევის თქმით, დღესაც მზად არის პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას, რადგან არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა მოქმედ ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ძალის გამოყენებაზე, რადგან 7 აგვისტოს განხორციელებული შტურმისას მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.