ყირგიზეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი

ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთში სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ის 26 აგვისტომდე დარჩება წინასწარ პატიმრობაში. დაცვამ ითხოვა პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ზომის შეცვლა. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი გასულ კვირაში დააპატიმრეს ორდღიანი ოპერაციის შედეგად. ის პოლიტიკოსის რეზიდენციის შტურმით დასრულდა. ატამბაევის მომხრეთა და სამართალდამცველთა შორის შეტაკება მოხდა. დაშავდა 170 ადამიანი, სპეცრაზმის ერთი წევრი დაიღუპა.

ალმაზბეკ ატამბაევს თავდაპირველად ბრალი წაუყენეს კორუფციასა და კრიმინალური ავტორიტეტის უკანონოდ გათავისუფლებაში. მოგვიანებით ბრალდებათა სიას დაემატა მასობრივი არეულობების მოწყობა, მკვლელობის მცდელობა და მძევალთა ხელში ჩაგდება. ამჟამად ატამბაევი სისხლის სამართლის 14 დანაშაულშია ეჭვმიტანილი. თავად ატამბაევი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.