„20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების" წარმომადგენლები  გუგუტიანთკარში  ჩავიდნენ

ახლად შექმნილი აპოლიტიკური მოძრაობის „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დამფუძნებლები და მხარდამჭერები გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ადგილზე ეცნობიან ვითარებას.

მოძრაობის შექმნის ინიციატორის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კოტე კემულარიას განცხადებით, გუგუტიანთკარი დღეს ყველაზე ცხელი და ყველაზე მტკივნეული წერტილია საქართველოში და საჭიროა იმ ხალხის გამხნევება, ვინც არ უშინდება ოკუპანტების თარეშს და დაუსჯელობას:

„უკვე შეღობილის აღების შანსი მთავრობას არ აქვს, გასაგებია, მაგრამ აქ ყველა შანსი იყო იმის, რომ ეს არ მომხდარიყო“,- განაცხადა კოტე კემულარიამ, რომლის შეფასებითაც საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი „ყურს გამოიფხეკდა“.

კოტე კემულარია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს სხდომა, რომელზეც გუგუტიანთკარელების და საფრთხის წინაშე მდგარი ყველა საზღვრისპირა სოფლის გასაჭირზე იმსჯელებს, მათ შორის განიხილავს ხალხის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფის მიმართულებით სპეციალური სოციალური რეჟიმის ამოქმედების საკითხს.

თავის მხრივ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მოძრაობის წევრი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, სამარცხვინოა ხელისუფლებისთვის:

ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს რუსეთი და ფაქტობრივად ახდენს იმ ტერიტორიების ანექსიას, რომლებიც არასოდეს არანაირ შეხებაში არ ყოფილა იმ ოლქთან, რომელიც გახდა საქართველოს პრობლემა და რომელიც გამოიყენა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საჯაროდ გახდა პროპუტინისტური კრემლის მარიონეტული რეჟიმი საქართველოში“, - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ და მოუწოდა ყველას, აქტიურად დაუდგეს მხარში გუგუტიანთკარელებს.