საქართველოში უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოვლინდა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 95 კლინიკა შეამოწმა და 38 დაწესებულებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება.

„მონიტორინგი ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველი“, - აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.