კოსოვოს პარლამენტმა თვითდაშლა გამოაცხადა

კენჭისყრა კოსოვოს პარლამენტში

კოსოვოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკანონმდებლო ორგანოს დაშლას, რაც გზას უხსნის პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 22 აგვისტოს კოსოვოს 120-კაციანი პარლამენტიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა. ამასთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს ან სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში.

კოსოვოს პარლამენტის დათხოვნა დღის წესრიგში დადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის გადაგომის შემდეგ. 19 ივლისს ჰარადინაიმ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც გახდა მისი გამოძახება ჰააგის სასამართლოში კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მიერ 20 წლის წინ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფაქტზე.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰარადინაი პოსტს ტოვებს, ჰააგიდან წამოსული ბრალდებების გამო.

პირველად ეს მოხდა 2005 წელს, ყოფილი იუგოსლავიის საქმეთ გაეროს სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ, მისი, როგორც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) ერთ-ერთი წამყვანი მეთაურის მიმართ არსებული კითხვების გამო.

ჰარადინაის, რომელიც პოლიტიკური პარტია კოსოვოს მომავლის ალიანსის ლიდერია, 2008 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.

იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია 2017 წლის სექტემბრიდან.