აქტივისტებმა პრემიერობის კანდიდატად გახარიას წარდგენა პარლამენტის დარბაზშიც გააპროტესტეს

საპროტესტო აქციის, „სირცხვლია“-ს მონაწილე აქტივისტების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა შეძლო. აქტივისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პრესისთვის განკუთვნილი ლოჟიდან შეძახილებით და საყვირებით გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენა.

მანამდე "სირცხვილია"-ს მონაწილეებმა პარლამენტთან "სირცხვილის დერეფანი" მოაწყვეს.

3 სექტემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ორ თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.