სოფელ ოძისთან სეპარატისტებმა ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის პროცესში

სოფელი ოძისი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს, 5 სექტემბრიდან ჩაიკეტა. „ჩვეულებრივ დღეებში მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაახლოებით 400-ჯერ აფიქსირებდნენ სასაზღვრო ზოლზე გადასვლას, ახლა კი ეს ნულია“, - წერს ტვიტერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დანიელი დიპლომატი, ერიკ ჰოგი.

ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა „აშკარად დაუსაბუთებელია“, რაც, ერიკ ჰოგის თანახმად, ნეგატიურად აისახება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე.

მანამდე, 3 სექტემბერს, ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების, „ცოდნის დღის“ გამო, 4 სექტემბერს, 20 საათიდან, დროებით შეწყდა „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების მუშაობა“. შეზღუდვა 6 სექტემბერს, დილის 6 საათიდან უნდა მოხსნილიყო.