ვიდეოზე, რომელშიც მამაკაცი ბავშვს სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებს, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, როგორც აწევინებს მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას.

შსს-ს ინფორმაციით, „ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განუცხადეს რადიო თავისუფლება შსს-ში.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.