დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

დიმიტრი გაბუნია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.იგი საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

გამოკითხვაზე შესვლამდე დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა უპასუხოს გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.

"რა შეკითხვასაც დამისვამენ, ყველა კითხვას ვუპასუხებ. შეწყალების თაობაზე არაფერი ვიცი. სიაც არ ვიცი, რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ", - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. იგი ამბობს, რომ თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მისი სახელი და გვარი. კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე საქართველოს პრეზიდენტი, დიმიტრი გაბუნია პასუხობს, რომ „თუ დაიბარებენ ალბათ მოვა.“

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტით 34 პირი შეიწყალა.მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირიც - პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე 20 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.