ეკა ბესელია: ივანიშვილმა მთხოვა, მოსამართლეთა 10-კაციანი სიიდან 5-ისთვის მაინც დამეჭირა მხარი

დეპუტატი ეკა ბესელია იხსენებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ლიდერმა მოსამართლეთა 10-კაციანი სიიდან რამდენიმეს მხარდაჭერა სთხოვა.

„ოთხშაბათი იყო, ზუსტად მახსოვს. შეხვედრაზე იყო საუბარი და პირდაპირ ნათქვამი, რომ იქნებ დავთანხმებულიყავი, 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან. მათ შორის პირველი, ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი“, - ამბობს ბესელია და აზუსტებს, რომ თხოვნა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

ბიძინა ივანიშვილთან მოსამართლეების არჩევის საკითხზე შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც ადასტურებს.

ეკა ბესელიას სიტყვებით, ივანიშვილთან შეხვედრაზე ჩუგოშვილს კრიტიკული პოზიცია ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით დამოკიდებულება შეცვალა.

„მესმის რომ მას [თამარ ჩუგოშვილი] უწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. ამის მაგალითი იყო თუნდაც იმ ცუდი ცვლილებების მხარდაჭერა და არგაპროტესტება. მესმის, რომ მას გაუჭირდება ამის თქმა, თუმცა იმ შეხვედრაზე მასაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა. ის კი ცდილობს ახლა, გაიმეოროს „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ მათ შეაჩერეს სია - აბა, მე რატომ გადავდექი?!“, - ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის უარის თქმის შემდეგ, გამოქვეყნდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამასთან, ბესელია მტკიცებით ფორმაში არ საუბრობს და ამბობს, რომ მხოლოდ ფაქტებით აკეთებს დასკვნას:

„[პირადი ცხოვრების კადრები გამოქვეყნდა] ამ კონფლიქტის, ჩემი უარის და შემდეგ გაფრთხილებების შემდეგ, როცა მეუბნებოდნენ, გავჩუმებულიყავი და ვერ დამიცავდნენ თურმე. 7 წელი მე ვიცავდი „ქართულ ოცნებას“.

ბესელია მიმართავს ქართული ოცნების ძველ სახეებს, გაემიჯნონ ვანო ზარდიაშვილს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას ძირითადად რამდენიმე მიზეზით იწუნებენ, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მსახურებისა და „კლანური“ დაჯგუფების გამო.

ვანო ზარდიაშვილს - რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარი, მეჯვარე და ნათელ-მირონია - ამ უკანასკნელისა და მისი მოსამართლეთა „კლანის“ ლობისტად ასახელებენ.