პომპეომ დაადასტურა, რომ ისიც სატელეფონო ხაზზე იყო ტრამპისა და ზელენსკის საუბრისას

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ ის სატელეფონო ხაზზე იყო, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრებოდა. პრეზიდენტების ამ საუბარს მოჰყვა ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მოკვლევა, რომლის ინიცირებაც მოახდინა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.

2 ოქტომბერს რომში ჟურნალისტებთან საუბრისას პომპეომ თქვა, რომ ის სატელეფონო ხაზზე იყო იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საქმის კურსშია. დეტალებზე მას არ უსაუბრია.

პომპეოსთვის არ არის უჩვეულო სატელეფონო ხაზზე ყოფნა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი უცხო ქვეყნების ლიდერებს ელაპარაკება ხოლმე, მაგრამ პომპეოს ადრე არ გაუმხელია, რომ ტრამპ-ზელენსკის საუბარს უსმენდა.

თეთრმა სახლმა სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა საუბრის ტექსტი. მანამდე ამ საუბრის შესახებ ანონიმი ინფორმატორისგან გახდა ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი ზელენსკის სთხოვდა გამოძიების ჩატარებას დემოკრატ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სავარაუდო კონკურენტია. ტრამპის თქმით, ბაიდენი უმცროსი უკრაინაში კორუფციასთან იყო კავშირში. პრეზიდენტის კრიტიკოსების თანახმად, ტრამპმა გადაამეტა უფლებამოსილებებს, როცა შესაძლო მეტოქეზე კომპრომატის მოპოვებას შეეცადა. ტრამპი უარყოფს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.