ჟენევაში იწყება საქართველოს მთავრობის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა შეხვედრა

დღეს, 8 ოქტომბერს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. მოელიან, რომ საქართველოს მთავრობის და საოკუპაციო ძალების დელეგაციების შეხვედრა განსაკუთრებულად დაძაბული იქნება ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა, რამაც იზოლაციაში მოაქცია ოკუპირებული დაბა ახალგორის მცხოვრებნი. მანამდე საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს სოფელ გუგუტიანთკარში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდი 9 ოქტომბერს დასრულდება.