ევროკავშირმა დაგმო სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია

ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად დაგმეს სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია.

ლუქსემბურგში 14 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ის, რასაც თურქეთი აკეთებს, არასწორია. მოგერინის თქმით, ევროკავშირი თურქეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, მაგრამ არსებობს კონკრეტული საკითხები, სადაც ბრიუსელს და ანკარას განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათ შორის, სირიაში სამხედრო ოპერაციის მიმართ.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის ქმედებების დაგმობის მიუხედავად, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ანკარისთვის შეიარაღების მიყიდვაზე ემბარგოს დაწესების იდეაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განმარტა, რომ ემბარგოს სჭირდება დიდი მოცულობის ტექნიკური სამუშაოს ჩატარება.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.