აშშ-ის ანონიმი წყაროების თანახმად, სექტემბერში ამერიკამ საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც გასულ თვეში საუდის არაბეთის ნავთობის ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, აშშ-მა საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროთა თანახმად, კიბერშეტევა სექტემბრის ბოლოს განხორციელდა და მიმართული იყო „თეირანის მიერ პროპაგანდის გავრცელების“ წინააღმდეგ. ერთ-ერთმა მათგანმა ასევე განაცხადა, რომ კიბერშეტევის სამიზნე იყო ირანის ტექნიკა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი.

პენტაგონში ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

13 სექტემბერს ღამით საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით. ამან ნედლი ნავთობის მოპოვების მოცულობა თითქმის გაანახევრა.

იერიშისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ირანთან დაკავშირებულმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა. მაგრამ ვაშინგტონმა და ელ-რიადმა თეირანი დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიმართავს.