„მთავარი არხის“ წილი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ შეიძინა

„საქართველოს უნივერსიტეტმა“, რომლის 37.5%-იანი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „მთავარი არხის“ 2%-იანი წილი შეიძინა.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, იმ დროისთვის „მთავარი არხის“ 44% წილის მესაკუთრეს, კახა ანჯაფარიძეს „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაუხადა. ამასთან, ახალი მეწილე ვალდებულებას იღებს, რომ საკუთრების რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში „მთავარი არხის“ საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 200 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის მესაკუთრეთა წილები ასე ნაწილდება:

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია - 51%;

კახაბერ ანჯაფარიძე - 42%;

მარი ანნა რურუა - 2.5%;

გიორგი რურუა - 2.5%;

შპს „საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%;

„მთავარმა არხმა“ 5 სექტემბერს მიიღო ლიცენზია, რომელიც საინფორმაციო პროგრამების და პოლიტიკური ტოქშოუების მომზადების უფლებას ანიჭებს.

„მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.