დონალდ ტრამპმა გააუქმა სანქციები, რომლებიც თურქეთს დაუწესდა სირიაში ოპერაციის დაწყებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა სანქციები, რომლებიც თურქეთს დაუწესდა რამდენიმე დღის წინ, მას მერე, რაც თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ. ქურთები სირიაში აშშ-ის მოკავშირეები არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტრამპის სიტყვებით, სანქციები მოიხსნა, ვინაიდან თურქეთის ოპერაცია შეწყდა. ისინი შეიძლება განახლდეს, თუკი „მოხდება რამე, რაც ხელს არ აძლევს“ აშშ-ს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ აშშ-ის ძალისხმევით მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ კვლავაც დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა სხვა ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ხდება სისხლისღვრა. „სხვა ვინმემ იბრძოლოს სისხლით მორწყული ამ ქვიშებისთვის“, თქვა მან.