რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი

რუსეთი სომხეთს გაუგზავნის საპროტესტო ნოტას, რომელიც სამხედრო შეიარაღების შესაძენად გამოცხადებულ და შემდეგ ჩაშლილ ტენდერს უკავშირდება.

სააგენტო „რია“-ს ცნობით, მოსკოვის უკმაყოფილება მოჰყვა ტენდერის მონაწილე რუსული კომპანიის ORSIS-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რუსეთის მტკიცებით, რამდენიმე მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის შესაძენად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის მაისში გამოცხადებული ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ORSIS-მა დააკმაყოფილა, თუმცა, მოგვიანებით, ტენდერი მიზეზების დაუსახელებლად შეწყდა.

ORSIS-ი რუსული სააქციო საზოგადოების, „პრომტეხნოლოგიის“ შემადგენლობაშია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სომხეთს აწვდიდა იარაღს, ვაზნებს და ოპტიკურ მოწყობილობებს.

სააგენტო „რია“-ს ცნობითვე, მან მოიპოვა საპროტესტო ნოტის ასლი, რომლის მიხედვით, სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანისთვის გასაგზავნ დოკუმენტს ხელს აწერს რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი ოლეგ რიაზანცევი.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ტენდერში ORSIS-ის მონაწილეობა უსაფუძვლოდ უარყვეს და კომპანია დაუსაბუთებლად შეიყვანეს არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების სიაში. სომხეთში საპროტესტო ნოტას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაგზავნის. „რია“-ს ინფორმაციით, მოსკოვი ერევნისგან ითხოვს შექმნილი სიტუაციის განხილვას და მის მოსაგვარებლად ზომების მიღებას.