ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ არ მისცა სამსახურში მისვლის უფლება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს, პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა.

როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ილია ჯიშკარიანს ელექტრონული ხელმოწერები და სხვადასხვა აუცილებელი საქმე აქვს შესასრულებელი, თუმცა, პროკურატურამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მას სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება არ მისცა:

„პროკურატურას ოფიციალური წერილით 21 ოქტომბერს მივმართეთ, გუშინ კი უარი მოგვივიდა ჩვენს მოთხოვნაზე. მოგეხსენებათ,სასამართლომ ილიას აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ამის უფლება მას მხოლოდ პროკურორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე ექნება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამგვარი ქმედებით, ზარალდება საქმე და მოქალაქეთა უფლებები“.

11 ოქტომბერს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებასთან ერთად, ილია ჯიშკარიანს მოსამართლემ აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია პროკურატურის ნებართვის გარეშე.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, მისმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მისი თქმით, შემთხვევა 30 სექტემბერს, დეპუტატის წარმომადგენლობის ოფისში მოხდა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს სცნო პროკურატურამ დაზარალებულად თამთა თოდაძეც.

ილია ჯიშჯარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თანაშემწის ბრალდებით „შოკირებულია“.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

წინასასამართლო სხდომა სექსუალური ძალადობის საქმეზე 18 ნოემბერსაა დანიშნული.