ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა ამერიკული სამხედრო გემი Porter-ი. საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებამდე, ამერიკული გემის ეკიპაჟი აკვატორიის სიღრმეში ჩაატარებს წვრთნას საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად.
Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. ამერიკული გემი ბათუმის პორტში 22 ოქტომბერს შევიდა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურებოდა საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცებას და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.
ბათუმის ნავსადგურიდან Porter-ის გასვლის შემდეგ, პორტში შევლენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და თურქეთის ხომალდი AMASRA.