ევროკავშირი თანახმაა, 2020 წლის 31 იანვრამდე გადაწიოს ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის, „ბრექსიტის“ ვადა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში.
The EU27 has agreed that it will accept the UK%27s request for a #Brexit flextension until 31 January 2020. The decision is expected to be formalised through a written procedure.
— Donald Tusk (@eucopresident) October 28, 2019
ტუსკი განმარტავს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაუშვას ე.წ. „ფლექსთენშენი“, რაც ლონდონს შესაძლებლობას მისცემს, ვადის ამოწურვამდე გავიდეს ევროკავშირიდან, თუ შესაბამის გეგმას მხარს დაუჭერს ქვეყნის პარლამენტი.
ამ ფონზე, „ბიბისის“ თანახმად, თავის მხრივ, ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატების ნაწილი ემზადება, კენჭი უყაროს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წინადადებას, რაც ვადამდელი საყოველთაო არჩევნების 12 დეკემბრისთვის ჩატარებას ითვალისწინებს. ლიბერალ-დემოკრატები და შოტლანდიის ნაციონალური პარტია (SNP) გამოვიდნენ წინადადებით, რომ ვადამდელი არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართოს.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებისათვის განკუთვნილი შეთანხმების ტექსტი, „ბიბისის“ თანახმად, ასევე ითვალისწინებდა ვალდებულებას, რომ შემდგომში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას აღარ გადახედავდნენ.
ბრიტანეთს ევროკავშირი ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს, უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იძულებული გახდა დათანხმებულიყო გადავადებას, პარლამენტის მიერ გასულ თვეში მიღებული საკანონმდებლო აქტის გამო.