ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ბათუმში, ახლადაშენებული მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, სახლის შეღებვის დროს მუშას ბაგირი გაუწყდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კომპანია „გიგერომ“ ააშენა. მის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახლადაშენებული კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული ჯერ არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.