საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედლის ნაცვლად ოქროს მიიღებს. ქართველი მძიმეწონოსნის ჩემპიონად გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოქროს მედლის მფლობელის - ბელარუსი კირილ გრიშჩანკას დოპინგსინჯში აკრძალული პრეპარატის შემცველობა დადასტურდა.
გასულ ზაფხულს, მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე იაკობ ქაჯაიამ გრიშჩანკასთან ფინალში წააგო, მაგრამ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი სპორტსმენი დოპინგის მიღებაში ამხილეს. ოფიციალურად ეს ყველაფერი მანამდე არ გამოცხადდა, სანამ გრიშჩანკას მოთხოვნით, დოპინგტესტი კიდევ ერთხელ არ გამოიკვლიეს.
ქაჯაიას ჩემპიონობის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ.
ქართულ-ბელარუსული ფინალის შედეგის შეცვლამ, მეორე ევროპული თამაშების გუნდური ჩათვლის სატურნირო ცხრილიც შეცვალა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედალი დაუგროვდა, ერთი პოზიციით დაწინაურდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა.