მაიკლ ბლუმბერგი ფიქრობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე

მაიკლ ბლუმბერგი

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებას, როგორც დემოკრატიული პარტიიდან წამოყენებული პრეტენდენტი. „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, ბლუმბერგი ემზადება დოკუმენტების შესატანად დემოკრატების პრაიმერიზში მონაწილეობის მისაღებად ალაბამის შტატში, სადაც ამ კვირაში იწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა.

იუწყებიან ასევე, რომ ხუთშაბათს ბლუმბერგმა დაურეკა რამდენიმე ცნობილ დემოკრატს, რომლებთანაც განიხილა კამპანიაში თავისი მონაწილეობის შესაძლებლობა.

ამასთან, ბლუმბერგის პრესმდივანმა, ჰოვარდ ვოლფსონმა „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მილიარდერს ეჭვი ეპარება, რომ მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეძლონ დემოკრატების მიერ წამოყენებულმა პრეტენდენტებმა.

მაგრამ, ბლუმბერგის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაიკ ბლუმბერგს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

მაიკ ბლუმბერგი 77 წლისაა. იგი სამჯერ აირჩიეს ნიუ-იორკის მერად, ამასთან, ორჯერ - როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ერთხელ - დამოუკიდებლად. ბიზნესმენის ქონება, სულ მცირე, 50 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგით იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-11 ადგილზე იმყოფება. ბლუმბერგი მედაიკონცერნ „ბლუმბერგის“ გენერალური დირექტორია და ასევე ცნობილია თავისი საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობით.