ჰომოფობიური აქციის მონაწილემ "ტაბულას" ჟურნალისტს დაარტყა

„ტაბულას“ ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაარტყა და ტელეფონი დააგდებინა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო ჰომოფობიური აქციის მონაწილემ.

„აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც მასზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა“, - წერს „ტაბულა“ და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო. ფილმს საქართველოში 9 და 10 ნოემბერსაც უჩვენებენ, ჰომოფობიური აქციის გამართვას ამ დღეებშიც გეგმავენ.