ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზად „შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს“ ასახელებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ პოსტი ბიზნესომბუდსმენმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით „ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება“.
ირაკლი ლექვინაძეს ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2018 წლის იანვრიდან ეკავა. პროფესიით ეკონომისტი, ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის მერის მოადგილე.
2018 წლის 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში და გააგრძელებს კარგ ტრადიციას, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა შექმნა.