პოლონეთის სასამართლო იმსჯელებს დონბასის უკრაინელი ვეტერანის რუსეთში ექსტრადიციაზე

პოლონეთში სასამართლო 12 ნოემბერს მსჯელობას დაიწყებს იმაზე, უნდა მოხდეს თუ არა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის უკრაინელი ვეტერანის, უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფის, უნა-უნსოს წევრის, იგორ მაზურის ექსტრადიცია რუსეთში.

პოლონეთის საზღვრის დაცვის წარმომადგენლებმა მაზური 9 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის მიერ ინტერპოლის მეშვეობით გამოცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, დოროჰურსკ-იაჰოდინის სასაზღვრო პუნქტზე.

რუსეთში მაზური ძებნილია ტერორიზმის ბრალდებით, მას ადანაშაულებენ ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1995) რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ორი უკრაინული ჯგუფის წევრობაში, რომლებსაც მოსკოვი „ექსტრემისტულად“ მიიჩნევს.

მაზურმა თქვა, რომ ვარშავაში კონფერენციაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა დააკავეს და პოლონელი პროკურორები სამი საათის განმავლობაში უტარებდნენ დაკითხვას. შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს და ამჟამად ლუბლინში, უკრაინის საკონსულოში იმყოფება.