თბილისის ზღვაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბ. კ-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დაკავებული დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.