თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტრამპისა და ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი

პარასკევს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი. საუბარი შედგა 2019 წლის აპრილში, უკრაინის პრეზიდენტად ზელენსკის არჩევიდან ცოტა ხნის შემდეგ.

ტექსტი გამოქვეყნდა ზუსტად მაშინ, როცა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაიწყო მორიგი მოსმენები ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე. აშშ-ის პრეზიდენტი ეჭვმიტანილია უკრაინაზე ზეწოლაში აშშ-ში თავისი ოპონენტებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

დღეს გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტს, ისევე, როგორც ზელენსკისთან 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის გარშემოც მიმდინარეობს კონგრესში გამოძიება, თან ახლავს შენიშვნა, რომ საქმე არ გვაქვს საუბრის სიტყვასიტყვით ჩანაწერთან.