გერმანიის ელჩმა საოკუპაციო ხაზთან გავლებულ მავთულხლართებს ბერლინის კედლის ბედი უწინასწარმეტყველა

ჰუბერტ კნირში​, გერმანიის ელჩი საქართველოში 

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში​, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან გავლებული მავთულხლართები და ბადეები ბერლინის კედელს შეადარა, თქვა, რომ „ეს მძიმე რეალობა კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება“, თუმცა ელჩმა „ქართულ კედელს“ იგივე უწინასწარმეტყველა, რაც დაემართა ბერლინის კედელს.

ელჩის სიტყვებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებულ მავთულხლართებზე ის იმავე ფრაზას ვერ გაიმეორებს, რომელიც წარმოთქვა 16 წლის ასაკში, როცა დასავლეთ ბერლინში კლასთან ერთად „შთამბეჭდავი ვიზიტის“ დროს პირველად ნახა ბერლინის კედელი და განაცხადა: „[კედელი] დაეცემა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით“.

„ე.წ. ქართული კედელი ზოგიერთ ადგილას უკვე ხილულიცაა და ეს რეალურია. ოქტომბერში მე და გერმანიის პრეზიდენტი, ვალტერ შტაინმაიერი, საქართველოში მისი ვიზიტის დროს ვიმყოფებოდით სოფელ ოძისთან, სადაც ვნახეთ გამყოფი ბადე და მავთულხლართები. ნებისმიერი გერმანელი, რომელიც ამას აწყდება და ხედავს, მაშინვე ფიქრობს: ეს ხომ იყო გერმანიის ისტორიაში, ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობდით და, საბედნიეროდ, ეს დასრულდა“, თქვა მან 15 ნოემბერს რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში, „ევროპული კლუბის“ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრის დროს.

ამავე დრო ელჩმა განაცხადა, რომ თუ კონფლიქტის მონაწილე მოქალაქეების ნება იქნება, მავთულხლართების პრობლემა, შესაძლებელია, „რამდენიმე საათში მოგვარდეს“.
ელჩის სიტყვებით, ბერლინის კედლის ისტორია წარმოადგენს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ბრძოლის ისტორიას იმ უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც გამეფებული იყო მათ სახელმწიფოში. ამავე დროს, ელჩმა ჰუბერტ კნირშმა, რომელიც დასავლეთ გერმანიაში გაიზარდა,„ევროპული კლუბის“ წევრებს შეახსენა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პრაქტიკულად არავინ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ბერლინის კედელი 30 წლის წინ, 1989 წლის 9 ნოემბერს, დაინგრა, რასაც მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი ორი გერმანიის გაერთიანება მოჰყვა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.