სვანეთსა და აჭარაში ხანძრის ორი კერა ლიკვიდირებულია

ნახანძრალი ადგილი მესტიის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ოთხ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრის 7 კერიდან ორი ლიკვიდირებული, ხუთი კი, ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერები ჩააქრეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მახლობლად და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში.

ტყვის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმართან, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ირის და ხიდეშლების მიმდებარედ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბართან და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად.

ამ კერებზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.